მანუჩარ შერვაშიძეს დაბადებიდან 90, ხოლო სასცენო მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა

  27 მაი 2020

65 წლის წინ, 1955 წელს თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიბო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ბატონი მანუჩარ შერვაშიძე, მეუღლესთან ქალბატონ ნინო საკანდელიძესთან ერთად ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასში ჩაირიცხა. თეატრალურ ინსტიტუტში მათ პროფესიულ დაოსტატებაზე ზრუნავდნენ ქართული თეატრის უდიდესი წარმომადგენლები: დიმიტრი ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი, აკაკი ვასაძე, ლილი იოსელიანი, მალიკო მრევლიშვილი. სტუდენტობის პერიოდში მომავალ მახიობებს ჩამოუყალიბდა პროფესიული უნარ-ჩვევები, შემოქმედებითი ხედვა, თეატრალური პრინციპები. ბათუმის თეატრში ახალგაზრდა მსახიობებს დახვდნენ ქართული თეატრალური სამყაროს შესანიშნავი წარმომადგენლები: იუსუფ კობალაძე, მერაბ ხინიკაძე, ხასან მეგრელიძე, მიშა ჯალაღანია, ნუნუ თეთრაძე და სხვები. თეატრის დასის, რეჟისურისა და საკუთარი ნიჭის წყალობით ბატონი მანუჩარი და ქალბატონი ნინო თეატრის განუყოფელი ნაწილი ხდება, ისინი მალევე იმკვიდრებენ თავს თეატრში.

ბატონი მანუჩარი ლაღი, თავისუფალი შემოქმედია. იგი შემოქმედებით თავისუფლებას აღწევს სრულყოფილი სასცენო ოსტატობით. მას შესანიშნავი იუმორის გრძნობა და იმპროვიზაციის ბრწყინვალე უნარი გააჩნია. მისი სტიქია კომედიური ჟანრია, მაგრამ მსახიობის რეპერტუარში უხვად მოიძებნება სცენური სახეები, რომლებიც ღრმა დრამატიზმითაა შემოსილი (ბესო-თ.ჭილაძის ,,ბუდე მეცხრე სართულზე“). რიგ კომედიურ როლებში კი იგი გმირის ტრაგიკულ ბედისწერას ისეთი გასაოცარი ოსტატობით გადმოგვცემს, რომ მაყურებელს ერთდროულად ღიმილსა და ცრემლს გვრის. 27 წლის ასაკში ბატონმა მანუჩარმა მოხუცი ილარიონის როლი (ნ. დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) ბრწყინვალედ შეასრულა. სპეციალისტები ერთსულოვნად აღიარებდნენ ახალგაზრდა მსახიობის მაღალ საშემსრულებლო ოსტატობას.

ასზე მეტი როლი განასახიერა ბატონმა მანუჩარმა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე. პოლონიუსი (უილიამ შექსპირის ,,ჰამლეტი“), სერენდრუ (უილიამ შექსპირის ,,მეთორმეტე ღამე“) ყვარყვარე (პ. კაკაბაძის ,,ყვარყვარე თუთაბერი“), ხარიტონი (პ. კაკაბაძის ,,კოლმეურნის ქორწინება“), ხოდი (ე. იურანდოტის ,,მეცხრე წმინდანი“), ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის ,,ეზოში ავი ძაღლია“) და სხვა. მდიდარია ბატონი მანუჩარის რეპერტუარი კინოში. სიპიტო (წუთისოფელი), არემბა არლან (მთვარის მოტაცება), დურუ ხუნჭუა (რეკორდი) და სხვა, სულ ოცდაათზე მეტი როლი.

ბატონი მანუჩარის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სამსახიობო მოღვაწეობით. იგი აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბატონი მანუჩარი წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ხელოვნების ინტიტუტის (დღეს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი) პრორექტორად, იყო აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ხელმძღვანელობდა კულტურისა და არქიტექტურის ქვეკომიტეტს.

ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მანუჩარ შერვაშიძეს მინიჭებული აქვს აჭარისა და საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდებები. არის იუსუფ კობალაძისა და უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემიების ლაურეატი. ბათუმის დრამატული თეატრის შესასვლელთან გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავი, არის ბათუმის საპატიო მოქალაქე.

საქართველოს სახალხო არტისტს ბატონ მანუჩარ შერვაშიძეს დაბადებიდან 90 და სასცენო მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა. იგი ქართული თეატრის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უერთდება მრავალრიცხოვან მადლირ მაყურებელს და გამოხატავს უღრმეს პატივისცემასა და სიყვარულს ბატონ მანუჩარ შერვაშიძის მიმართ და ულოცავს მას დაბადების 90 წლის იუბილეს.