ქართული თეატრის დღე

  14 იან 2021

2021 წლის 14 იანვარს ონლაინ გაიმართა ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ქართველ თეატრის მოღვაწეებს ქართული თეატრის დღე მიულოცა საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი გეგჭკორმა, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა. ქართული თეატრის დღეს  შედგა თეატრის მოღვაწეების ტრადიციული დაჯილდოება: გიორგი ერისთავის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი, პეტრე ოცხელის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა მხატვარი აივენგო ჭელიძე, ვალერიან გუნიას სახელობის პრემია მიენიჭა თეატრმცოდნეს ნოდარ გურაბანიძეს, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია - მსახიობებს ლელა ალიბეგაშვილს, თამარ მამულაშვილს მარინა ჯანაშიას; აკაკი ხორავას სახელობის პრემია - მსახიობებს ლეო ანთაძეს, კახი კავსაძეს; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ჯილდო გადაეცა ანსამბლ ,,ერისიონს“, სესილია თაყაიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ ეკა მჟავანაძეს, გიორგი შავგულიძის პრემიით დაჯილდოვდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის ღვაწლმოსილი მსახიობი ბერდია ინწკირველი, ვასო გოძიაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა მსახიობი ლევან გვაზავა, მედეა ჩახავას სახელობის პრემია მიენიჭა მსახიობ ანა სანაიას, კოტე მახარაძის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ სანდრო სამხარაძეს, დიმიტრი ალექსიძის სახელობის ჯილდო მიენიჭა რეჟისორ დავით ხორბალაძეს, სალომე ყანჩელის სახელობის ჯილდო მიენიჭა მსახიობ ენდი ძიძავას, მარინა თბილელის სახელობის ჯილდო მიენიჭა მსახიობ მაია გელოვანს, ელენე ჩოხელის სახელობის ჯილდო მიენიჭა მსახიობ თინათინ მერკვილაძეს, ელენე ყიფშიძის სახელობის ჯილდო მიენიჭა მსახიობ მარინა ხარჩილავას, შალვა გაწერელიას სახელობის ჯილდო გადაეცა რეჟისორ გიორგი ჩალაძეს, გივი სარჩიმელიძის სახელობის ჯილდო მიენიჭა ნიკოლოზ საბაშვილს, არჩილ ჩხარტიშვილის ჯილდო გადაეცა დავით თარბას, ვასილ კიკნაძის სახელობის ჯილდო მიენიჭა თეატრმცოდნეებს ნიკოლოზ წულუკიძესა და ნერონ აბულაძეს, შალვა ღამბაშიძის სახელობის ჯილდო მიენიჭა მსახიობ ნოდარ ბჟალავას, ამაგდარის წოდება მიენიჭა ქართული თეატის ღვაწლმოსი მოღვაწეებს.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანდრო ენუქიძემ ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით  სატელევიზიო ინტერვიუებში ისაუბრა პანდემიის პერიოდში ბათუმის დრამატული თეატრის საქმიანობის შესახებ. ბატონმა ანდრომ აღნიშნა, რომ თეატრმა აღნიშნულ პერიოდში დადგა ხუთი სპექტაკლი, მათ შორის ერთი სპექტაკლი გაიმართა თეატრის წინა მოედანზე, ერთი სპექტაკლი პირდაპირი ეთერით გადაიცა აჭარის ტელევიზიით,  თეატრმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. თეატრში აქტიურად მიმდინარეობს შემოქმედებითი საქმიანობა,  მზადდება ახალი სპექტაკლები, პანდემიის დასრულების შემდეგ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი თავის სამ სასცენო სივრცეში მაყურებელს შეთავაზებს როგორც მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლებს, ასევე საპრემიერო სპექტაკლებსაც.