68 წლის ასაკში გარდაიცვალა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ზურაბ ქავთარაძე . . .

  20 სექ 2021

გარდაიცავალა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ზურა ქავთარაძე.

ზურა ქავთარაძემ 1983 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 2002 წელს ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით. იგი 1983-1988 წლებში მოღვაწეობდა მეტეხის თეატრის მსახიობად, ხოლო 1996 წლიდან გარდაცვალებამდე ბათუმის დრამატულ თეატრში.

ზურა ქავთარაძემ შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი სცენური სახე, რომელთა შორის აღსანიშნავია: მეფე შარლი (ტოროლა), გელა (მერე რა რომ სველია სველი იასამანი), პარუმ ოსეპა (ჯერ დაიხოცნენ, შემდეგ იქორწინეს), სენიორ ლომბარდი(ორი ბატონის მსახური), ალფონსი (მა-მურე) და მრავალი სხვა.

მდიდარია ბატონი ზურას მიერ შესრულებული ეკრანული სახეების პალიტრა, გადაღებულია ფილმებში: ,,წიგნი ფიცისა“, ,,ოჰ ეს საზიზღარი ტელევიზორი“, ,,მონანიება“,,ნეილონის ნაძვის ხე“ და მრავალი სხვა.

ბატონ ზურას როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს არაერთი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, არის მონტაჟის რეჟისორი და ფილმების მუსიკალური გამფორმრბელი.

ზურა ქავთარაძე წლების განმავლობაში აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იგი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავე დეპარტამენტის პროფესორი იყო.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას შესანიშნავი ქართველი მსახიობის ბატონი ზურა ქავთარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, ქართული თეატრის გულშემატკივრებს.