92 წლის ასაკში გარდაიცვალა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე . . .

  03 მარ 2022

გარდაიცავალა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი მანუჩარ შერვაშიძე.

მანუჩარ შერვაშიძე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1955 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც სასცენო ხელოვნების უნიკალური შედევრები შექმნა, რომელთა შორის განსაკუთრებულია: ხარიტონი (კოლმეურნის ქორწინება), ნუგზარი (ზღვა და სიყვარული), ჩინჩახელი (ეზოში ავი ძაღლია), ყვარყვარე (ყვარყვარე თუთაბერი), პოლონიუსი (ჰამლეტი), ილარიონი (მე, ბებია, ილიკო და ილარიონი) ჯანიკო (როცა ქალაქს ძინავს), ცამცუმი (აიეტი) და მრავალი სხვა. მდიდარია ბატონი მანუჩარის მიერ შესრულებული ეკრანული სახეების პალიტრა, მას ორმოცდაათზე მეტ ფილმშია აქვს გადაღებული.

ბატონი მანუჩარის შემოქმედება დაკავშირებულია ქართველი თეატრისა და კინოს უდიდეს წარმატებებთან, მის მიერ შესრულებული მხატვრული სახეები ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიის ოქროს ფონდის განუყოფელი ნაწილია.

ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბატონ მანუჩარ შერვაშიძეს მიენიჭა აჭარის დამსახურებული (1961), საქართველოს დამსახურებული (1967) და საქართველოს სახალხო არტისტის (1982) საპატიო წოდებები, იგი იუსუფ კობალაძისა და უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემიების ლაურეატია, 2010 წელს მიენიჭა ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება, ბათუმის დრამატული თეატრის წინ გახსნილია მანუჩარ შერვაშიძის სახელობის ვარსკვლავი, მინიჭებული აქვს ,,დიდასკალოსის“ საპატიო წოდება.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას დიდი ქართველი მსახიობის ბატონი მანუჩარ შერვაშიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, ქართული თეატრის გულშემატკივრებს.