86 წლის ასაკში გარდაიცვალა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ბერდია ინწკირველი . . .

  23 სექ 2022

გარდაიცვალა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, დამსახურებული არტისტი ბატონი ბერდია ინწკირველი.

ბერდია ინწკირველმა 1963 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა დაიწყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

ბატონმა ბერდია ინწკირველმა ბათუმის დრამატულ თეატრში შექმნა არაერთი სცენური სახე, რომელთა შორის აღსანიშნავია: პიპიჩა (ჯარისკაცის მამა), დვალი (მოცურავე), მაქსიმა (ღამის ცეკვა), უსანთე (მელია და ყურძენი), ინკვიზიტორი (ტოროლა), დაზმირი (საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში) და სხვა. მდიდარია ბატონ ბერდიას კინო გმირთა პალიტრა, იგი გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში: ,,მიზანი“, ,,ლეონარდო, ,,ყველაზე სწრაფი მსოფლიოში“, ,,ბანდიტი აგურის ქარხნიდან“, ,,ბათა ქექია“, ,,წინამორბედი“, ,,მაისის თოვლი“, ,,იქ-ჩემთან“, ,,ოქროს ობობა“, ,,ციხე-სიმაგრე“, ,,ბოთე“, სათნოებათა კიბე“, ,,გაღმა ნაპირი“ და მრავალი სხვა.

ბატონი ბერდიას შემოქმედება დაკავშირებულია ქართული თეატრისა და კინოს არაერთ წარმატებასთან, მის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიის ოქროს ფონდის განუყოფელი ნაწილია.

ბატონი ბერდია კინოსა და თეატრში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის არაერთგზის არის დაჯილდოებული თეატრალური და კინო პრემიებით, მინიჭებული აქვს დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას შესანიშნავი ქართველი მსახიობის ბატონ ბერდია ინწკირველის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, ქართული თეატრისა და კინოს გულშემატკივარებს.